კერატოკონუსი: რა არის და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა
- Nino Kobakhidze
- Aug 10
- 2 min read
Updated: Aug 26
კერატოკონუსი არის თვალის დაავადება, რომლის დროსაც რქოვანა - თვალის გამჭვირვალე, მრგვალი წინა ნაწილი - თხელდება და კონუსის ფორმას იღებს. ამ არარეგულარული ფორმის გამო სინათლე სწორად ვერ ფოკუსირდება, რაც აქვეითებს მხედველობას.
ხშირი სიმპტომები

დაბინდული ან დამახინჯებული მხედველობა
სინათლისა და მზის შუქისადმი მომატებული მგრძნობელობა
სათვალის რეცეპტის ხშირი ცვლა
მხედველობის გაძნელება ღამით
გაწელილი ნათება სინათლის წყაროდან
მხედველობის გაორება
ეს სიმპტომები ხშირად იწყება მოზარდობის ან ადრეული ახალგაზრდობის ასაკში და დროთა განმავლობაში ნელ-ნელა მძიმდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტიკა
კერატოკონუსი დროთა განმავლობაში პროგრესირებს და რაც უფრო ადრე გამოვლინდება, მით უფრო ადვილია მისი შეჩერება. თვალის რეგულარული შემოწმება -განსაკუთრებით, თუ ოჯახის წევრებს ჰქონდათ ეს პრობლემა - საშუალებას იძლევა დაავადება გამოვლინდეს მანამ, სანამ მხედველობის სერიოზულ დაკარგვას გამოიწვევს. დროული მკურნალობით, ხშირად, მთელი ცხოვრების განმავლობაში კარგ მხედველობას ვიინარჩუნებთ.
კერატოკონუსის მკურნალობის ვარიანტები
1. რქოვანას ქროსლინკინგი (CXL)
მიზანი: რქოვანას გაძლიერება, რათა არ გააგრძელოს გათხელება და დეფორმირება
როგორ მუშაობს: რქოვანაზე დაიტანება ვიტამინის ხსნარი (რიბოფლავინი), რომელიც აქტიურდება ულტრაიისფერი სინათლით.
რას უნდა ელოდოთ: ერთჯერადი პროცედურა, მსუბუქი დისკომფორტი რამდენიმე დღით, ყველაზე ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიაზე.
2. ტოპოგრაფიაზე დაფუძნებული PRK (ლაზერული კორექცია)
მიზანი: რქოვანას ზედაპირის ფორმის გაუმჯობესება CXL-ის შემდეგ.
როგორ მუშაობს: ლაზერი თქვენი თვალის სამგანზომილებიანი რუკის მიხედვით აღადგენს რქოვანას სიმრგვალეს.
რას უნდა ელოდოთ: ტარდება CXL-ის შემდეგ რამდენიმე თვეში, აუმჯობესებს მხედველობის ხარისხს, ამცირებს ასტიგმატიზმს, ახლომხედველობას. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია სათვალისა და კონტაქტური ლინზებისგან სრულად გათავისუფლება. მაღალი მინუსის შემთხვევაში, მკვეთრად უმჯობესდება მხედველობის ხარისხი სათვალით. ლაზერით ზემოქმედება თვალზე დაახლოებით 30 წამის განმავლობაში ხდება.
3. რქოვანას ალოგენური ინტრასტრომული სეგმენტები (CAIRS)
მიზანი: რქოვანას გასწორება და დაბრტყელება დონორის რქოვანას ქსოვილის პატარა სეგმენტებით.
როგორ მუშაობს: სეგმენტები თავსდება რქოვანაში ლაზერის საშუალებით შექმნილ გვირაბში.
რას უნდა ელოდოთ: ბუნებრივი ქსოვილი უკეთ ინტეგრირდება, ვიდრე ხელოვნური რგოლები, აღდგენა სწრაფია, მხედველობა თანდათანობით უმჯობესდება რამდენიმე კვირაში.
4. ფაკიური ლინზები (Phakic IOLs)
მიზანი: მხედველობის გაუმჯობესება მაშინ, როცა სათვალე ან ლინზები აღარ არის საკმარისი, განსაკუთრებით რქოვანას სტაბილიზაციის შემდეგ.
როგორ მუშაობს: გამჭვირვალე ხელოვნური ლინზა თავსდება თვალის შიგნით, ბუნებრივი ბროლის წინ, სულ რაღაც 2 მმ-იანი განაკვეთის საშუალებით. პროცედურა 5-10 წუთის განმავლობაში გრძელდება.
რას უნდა ელოდოთ: იძლევა მკვეთრ და სტაბილურ მხედველობას, რქოვანა აღარ იცვლება. გამოიყენება, როცა კონტაქტური ლინზები მოუხერხებელია ან მხედველობა კვლავ სუსტია სხვა მკურნალობის შემდეგ.
როგორ შეიძლება პროცედურების კომბინირება
ექიმმა შეიძლება გირჩიოთ:
CXL - დაავადების შეჩერებისთვის.
ლაზერი ან CAIRS - რქოვანას ფორმის გასაუმჯობესებლად.
ფაკიური ლინზები - დამატებითი მხედველობის გასაუმჯობესებლად, თუ საჭირო იქნება.
ზოგჯერ გარკვეული ჩარევები ერთდროულად ტარდება, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება უსაფრთხოებიდან და რქოვანას სისქიდან გამომდინარე.
დასკვნა
კერატოკონუსი აუცილებლად სამკურნალოა და დრო ნიშნავს მხედველობას - რაც უფრო მალე გამოვლინდება და დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესი იქნება შედეგი. რეგულარული თვალის შემოწმება პირველი ნაბიჯია მხედველობის დასაცავად.
ნინო კობახიძე
მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი
კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი
გლაუკომატოლოგი
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა/თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM)
მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9/ ს. ცინცაძის 16
ტელ.: 598021122 (10:00-16:00) / 0322900001
email: dr.ninokobakhidze@gmail.com





Comments