top of page
Search

თვალის ციფრული დაძაბულობა

დღის განმავლობაში ძალიან დიდ დროს ვატარებთ ეკრანებთან. ვმუშობთ კომპიუტერთან, ვერთობით ტელევიზორითა და ტელეფონით. ჯერ კიდევ პანდემიამდე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანი ყოველდღიურად საშუალოდ 17 საათს ხარჯავს ციფრულ მოწყობილობებზე. ადამიანები ყოველდღიურად ატარებენ საშუალოდ 5 საათს ლეპტოპთან, 4,5 საათს ტელევიზორის ყურებაში, 4,5 საათს სმარტფონთან და 3 საათს სათამაშო მოწყობილობასთან.


ეკრანის წინ ზედმეტი დროის გატარებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს შენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ამან შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება, ძილის პრობლემები და კისრისა და ზურგის ქრონიკული ტკივილი. უფრო მეტიც, ეკრანთან ზედმეტად გატარებული დრო დაკავშირებულია დეპრესიისა და შფოთვის გაზრდილ რისკთან.


ეკრანთან გატარებულმა დრომ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს თვალის ჯანმრთელობაზე. თვალის ციფრული დაძაბულობა (digital eye strain) - ამ ტერმინით მოვიხსენიებთ იმ ჩივილების ერთობლიობას, რასაც ეკრანებთან ხანგრძლივი ურთიერთობა იწვევს. მაგრამ არ ინერვიულო! თვალების დასაცავად რამდენიმე საშუალება არსებობს. მოგიყვებით, რა არის თვალის ციფრული დაძაბულობა, მისი სიმპტომები და როგორ შეგიძლია ჩართო მისი თავიდან აცილების მარტივი გზები შენს ყოველდღიურ რუტინაში.


რა არის თვალის ციფრული დაძაბულობა?

თვალის ციფრული დაძაბულობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მხედველობის კომპიუტერული სინდრომი, ეხება მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც ეკრანის წინ ხანგრძლივი დროის გატარების შედეგად ვიღებთ.


ეკრანზე რაღაცის ყურება თვალს უფრო ძაბავს, ვიდრე ბეჭდური გვერდის კითხვა. ეკრანიდან არეკლილი სინათლე, ცუდი განათება, არასწორი მანძილი, არასწორი პოზა და მხედველობის პრობლემები ამძაფრებს მდგომარეობას.


თვალის ციფრული დაძაბულობის ნიშნები

თვალის ციფრული დაძაბულობა ხასიათდება სხვადასხვა სიმპტომით:


თვალების სიმშრალე

თვალების დაღლილობა

ბუნდოვანი მხედველობა

წითელი, გაღიზიანებული თვალები

თავის ტკივილი ან შაკიკი

კისრის და მხრების ტკივილი


როგორ დავიცვათ თვალები ეკრანთან?

თვალის დაძაბულობის შესამცირებლად საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა ციფრული მოწყობილობებისგან შესვენებაა. სიმპტომების უმეტესობა, რომლებიც გამოწვეულია კომპიუტერული სინდრომით, დროებითია და ქრება მას შემდეგ, რაც ადამიანი შეწყვეტს ფოკუსირებას ეკრანზე.

თუმცა, არის უამრავი რამ, რისი გაკეთებაც შესაძლებელია წინასწარ, რათა თავიდან აიცილო თვალის დაძაბვა ან შემცირდეს მისი სიმპტომები. ესენი მოიცავს შემდეგს:


დაარეგულირე გარემო

ისეთი რამ, როგორიცაა ცუდი განათება და ცუდი პოზა, ხელს უწყობს თვალის დაძაბვას. დარწმუნდი, რომ შენი სამუშაო გარემო კომფორტულია. კომპიუტერს უნდა უყურებდე ზევიდან დაახლოებით 15-დან 20 გრადუსით ქვევით. ეკრანს უნდა დაშორდე დაახლოებით 60-70 სმ-ით. გამოიყენე ფარდები და ჟალუზები მზის დასაფარად. გამოიყენე დაბალი სიმძლავრის მქონე ნათურები ოთახში. შეამცირე ეკრანის სიმკვეთრე.


დაგეგმე რეგულარული შესვენებები

თვალის ციფრული დაძაბულობის სიმპტომები ხშირად ქრება ციფრული მოწყობილობებისგან დაშორების შემდეგ. 15-წუთიანი შესვენება კომპიუტერის უწყვეტი გამოყენების შემდეგ ყოველ 2 საათში – კარგი საბაბია დამსახურებული შესვენებისთვის!

მეორე გზა, ე.წ. 20-6-20 წესია. ყოველ 20 წუთში იყურე შორს 6 მეტრის დაშორებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.


დამცავი სათვალეები

კომპიუტერის სათვალე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ლურჯი სინათლის დამბლოკავი სათვალე დაგეხმარება ძილის გაუმჯობესებაში და ამ გზით შესაძლოა, შეგიმციროს დაძაბვის სიმპტომებიც. თვალზე ამ სათვალეებს ნაკლები გავლენა აქვს. ისინი ფერების აღქმას ცვლიან და ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებს შესაძლოა, პირიქით, ხელი შეუშალონ მუშაობაში.


მხედველობის პრობლემების კორექცია

მხედველობის პრობლემებმა, როგორიცაა მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა) ან ასტიგმატიზმი (ბუნდოვანი მხედველობა ახლო და შორ მანძილზე), შეიძლება დაამძიმოს თვალის ციფრული დაძაბულობა. იმის გამო, რომ შენი თვალები ისედაც იძაბება მხედველობის არსებული პრობლემის დასაკომპენსირებლად, მათ მოუწევთ კიდევ უფრო მეტი შრომა ეკრანის წინ ხანგრძლივი პერიოდის გატარებისას. სწორედ ამიტომ მხედველობის პრობლემების გამოსწორება დაგეხმარება თვალის ციფრული დაძაბულობის შემცირებაში.


სათვალე და კონტაქტური ლინზები ერთის მხრივ დაგეხმარება მხედველობის გაუმჯობესებაში, თუმცა, მეორეს მხრივ, შეიძლება ეკრანთან დისკომფორტიც შეგიქმნას. მაგალითად, მშრალი თვალის სინდრომი ჩნდება ლინზების ხანგრძლივად მოხმარებისას. ვინაიდან ეს ისედაც თვალის ციფრული დაძაბულობის სიმპტომია, ლინზები კიდევ უფრო მეტად გაგიზრდის სიმშრალის ალბათობას და სიმძიმეს.


ამ პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა მხედველობის ლაზერული კორექციაა. FemtoLASIK რქოვანას ფორმის შეცვლის გზით გაგათავისუფლებს ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმისგან და უზრუნველყოფს უამრავ კომფორტს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის თვალის ციფრული დაძაბულობის ეფექტების შემცირებაშიც დაგეხმარება.


ნინო კობახიძე

მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი

კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი

გლაუკომატოლოგი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9

ტელ.: 598021122 (10:00-16:00)

email: dr.ninokobakhidze@gmail.com


624 views0 comments
bottom of page