გლაუკომა: როგორ გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ მხედველობის ჩუმ ქურდს
- Nino Kobakhidze
- Aug 11
- 2 min read
Updated: Aug 26
გლაუკომა შეუქცევადი სიბრმავის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. მას ხშირად მხედველობის ჩუმ ქურდს უწოდებენ, რადგან ის უსიმპტომოა და შეუმჩნევლად აქვეითებს მხედველობას. დაავადება იწყება თვალშიდა წნევის მატებით, რაც აზიანებს მხედველობის ნერვს. თავდაპირველად ეს თქვენთვის შეუმჩნევლად ხდება. რადგან დაკარგული მხედველობის აღდგენა შეუძლებელია, გლაუკომის სწორად სამართვად, დროული გამოვლენა და მუდმივი მონიტორინგი გადამწყვეტია.
ადრეული სიმპტომები და რატომ არის მათი შემჩნევა რთული
გლაუკომას ადრეულ სტადიებზე ჩვეულებრივ არ აქვს აშკარა სიმპტომები. დაავადების პროგრესირებასთან ერთად შეიძლება შეამჩნიოთ:
პერიფერიული (გვერდითი) მხედველობის ნელ-ნელა დაკარგვა
სირთულე დაბალ განათებაში ხედვისას
ხანდახან მხედველობის დაბინდვა ან თვალის დისკომფორტი
მოგვიანებით, ცენტრალური მხედველობის დაქვეითებაც
სამწუხაროდ, ეს ცვლილებები ნელა ვითარდება და პაციენტები უკვე შორსწასული გლაუკომით ხვდებიან ექიმთან
როგორ დიაგნოსტირდება გლაუკომა

გლაუკომას სრულფასოვანი გამოკვლევა ჩვეულებრივ მოიცავს შემდეგ კვლევებს:
ტონომეტრია - თვალშიდა წნევის გაზომვა
ოფთალმოსკოპია – მხედველობის ნერვის დათვალიერება
ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT) - არაინვაზიური სკანირება, რომელიც დეტალურად აჩვენებს მხედველობის ნერვსა და ბადურას, რაც საშუალებას იძლევა დავინახოთ დაზიანება მანამ, სანამ მხედველობა დაიკარგება
პერიმეტრია (მხედველობის ველის გამოკვლევა) – აფიქსირებს იმ ზონებს, სადაც შესაძლოა მხედველობა დაკარგული გქონდეთ, მაგრამ ამას თავად ვერ ამჩნევდეთ
გონიოსკოპია – ამოწმებს თვალის სადრენაჟო აპარატს, იმისათვის, რომ ექიმმა გაარჩიოს ე.წ. ღია და დახურულკუთხიანი გლაუკომა. გლაუკომის ფორმის დადგენა მის სწორ მართვაში გვეხმარება
გლაუკომა დროთა განმავლობაში პროგრესირებს, ამიტომ OCT და პერიმეტრია რეგულარულად უნდა ჩატარდეს - ხშირად წელიწადში 1–2-ჯერ - რათა შევაფასოთ პროგრესირება და შევცვალოთ მკურნალობა. ხშირად, მიუხედავად „ნორმალური“ თვალშიდა წნევისა, მხედველობის ნერვის მდგომარეობა უარესდება. სწორედ, ჩამოთვლილი კვლევების რეგულარული ჩატარებით, შესაძლებელი ხდება გაუარესების დროული გამოვლენა და მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა.
მკურნალობის მეთოდები: წვეთებიდან ქირურგიამდე
მკურნალობის მიზანია თვალშიდა წნევის დაწევა და მხედველობის ნერვის შემდგომი დაზიანების პრევენცია. მეთოდები მოიცავს შემდეგს:
1. წვეთები
ხშირად წვეთები პირველი ნაბიჯია. ისინი ან ამცირებენ თვალშიდა სითხის გამომუშავებას, ან აუმჯობესებენ მის გადინებას. საჭიროა მათი ყოველდღიურად და რეგულარულად გამოყენება
2. ლაზერული მკურნალობა
სელექტიური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა (SLT): ზრდის თვალის ბუნებრივი დრენირების უნარს. გამოიყენება ე.წ. ღია კუთხიანი გლაუკომის დროს
ლაზერული პერიფერიული ირიდოტომია (LPI): ქმნის მცირე ხვრელს ფერად გარსში, რათა გააუმჯობესოს სითხის გადინება თვალიდან. გამოიყენება დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს
3. ქირურგიული ჩარევა
ტრაბეკულექტომია: ქმნის სადინარს, რომლის საშუალებითაც სითხე ტოვებს თვალს
შუნტები: გამოიყენება ძალიან მაღალი თვალშიდა წნევის დასაქვეითბლად ან გლაუკომის რთული ფორმების დროს
გლაუკომა და კატარაქტა
გლაუკომა ხშირად გვხვდება კატარაქტასთან ერთად. ამ დროს, თვალის ბუნებრივი ლინზა იბურება, რაც აქვეითბს მხედველობას. ბევრ შემთხვევაში, კატარაქტის ოპერაცია, ერთდროულად აუმჯობესებს მხედველობას და აქვეითებს თვალშიდა წნევას, რაც ამცირებს ან მთლიანად ხსნის წვეთების საჭიროებას.
მხედველობის შესანარჩუნებელი მთავარი წესები
ჩაიტარეთ თვალის რეგულარული შემოწმება, განსაკუთრებით თუ 40 წლის ზემოთ ხართ ან ოჯახში გლაუკომის შემთხვევა გქონიათ
მკურნალობის გეგმას ზუსტად მიჰყევით
პროგრესირების დროულად ამოსაცნობად, რეგულარულად ჩაიტარეთ OCT და პერიმეტრია
მხედველობის მოულოდნელი ცვლილების ან თვალის ტკივილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
დროული დიაგნოსტიკით, ხშირი მონიტორინგით და სწორი მკურნალობით, ადამიანების უმეტესობას გლაუკომის მიუხედავად, მხედველობა უნარჩუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ნინო კობახიძე
მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი
კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი
გლაუკომატოლოგი
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა/თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM)
მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9/ ს. ცინცაძის 16
ტელ.: 598021122 (10:00-16:00) / 0322900001
email: dr.ninokobakhidze@gmail.com





Comments