top of page
Search

გამოვიყენოთ თუ არა დამცავი სათვალე ეკრანებთან?

ბოლო დროს, ლურჯი სინათლისგან დამცავი სათვალეების გამოყენება ძალიან პოპულარული გახდა. ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ეკრანებთან, რაც დროთაგანმავლობაში, ჯანმრთლობის სხვადასხვა პრობლემის გამომწვევი მიზეზი ხდება. რამდენად იცავს დამცავი სათვალე თვალს დაძაბულობისგან და ღირს თუ არა მისი გამოყენება?


როგორ მუშაობს ლურჯი სინათლისგან დამცავი სათვალე?


ხილული სინათლის სპექტრი რამდენიმე სხვადასხვა ტალღის სიგრძის მქონე ფერისგან შედგება. ყველაზე მოკლე სიგრძე ლურჯ ფერს აქვს და ამასთანავე, ის ყველაზე მეტ ენერგიას ასხივებს. ლურჯი სინათლის მთავარი  წყარო მზეა. მზის გამოსხივების საფრთხეების შესახებ კარგადაა ცნობილი, თუმცა ნაკლები ინფორმაცია ვრცელდება ეკრანების გამოსხივების ორგანიზმზე გავლენის შესახებ.


ლურჯი სინათლე და ძილი


ლურჯი შუქი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დღე-ღამის  ციკლის სწორი ფუნქციონირებისთვის. დილით, ლურჯი სინათლე ადამიანის გამოღვიძებას და ენერგიის მატებას უწყობს ხელს, ხოლო ღამით, მისი ნაკლებობა იწვევს ძილის ჰორმონის, მელატონინის, წარმოქმნას და ორგანიზმი ემზადება დასაძინებლად.

თუმცა, თუკი ჩვენ საღამოს საათებს  გაჯეტებთან გავატარებთ და არაბუნებრივად დიდ ლურჯ ნათებასთან გვექნება საქმე, მელატონინის წარმოქმნაც შემცირდება, შესაბამისად გართულდება ჩაძინება და ჯანსაღი ძილის შენარჩუნება ღამის განმავლობაში. თუკი ეს სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, ჩამოყალიბდება უძილობა, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება ჩვენს ჯანმრთლობაზე. ლურჯი სხივებისგან დამცავი სათვალის გამოყენება, შესაძლოა, უძილობასთან ბრძოლაში დაგვეხმაროს.


ლურჯი სინათლე და თვალი


დამცავი სათვალეების გავლენა თვალის ჯანმრთლობაზე სრულყოფილად შესწავლილი არ არის. არსებობს მოსაზრება, რომ გაჯეტების ხანგრძლივი მოხმარებისას, მათი გამოყენება ამცირებს თვალის დაძაბულობას, თუმცა, როგორც ამერიკის ოფთლმოლოგიის აკადემია გვაფრთხილებს, მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, ოფთალმოლოგიური კუთხით, ამ სათვალეების გამოყენება რეკომენდირებული არ არის.


ქვევით ჩამოთვლილია ის რჩევები, რაც ნამდვილად სარგებლის მომტანია ჩვენი თვალებისთვის:


  • მოერიდეთ ეკრანებს ძილის წინ

  • გამოიყენეთ ნაკლებად პრიალა ეკრანები

  • თუ შესაძლებელია, ეკრანები გადაიყვანეთ ყვითელ ნათებაზე

  • დაშორდით კომპიუტერის ეკრანს დაახლოებით 60 სანტიმეტრით

  • 20-6-20 წესი: ყოველ 20 წუთში მოარიდეთ თვალი ეკრანს და უყურეთ 6 მეტრის დაშორებით მდებარე საგანს, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.


ნინო კობახიძე

მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი

კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგი

გლაუკომატოლოგი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

მის.: თბილისი, წინანდლის ქ. 9

ტელ.: 598021122 (10:00-16:00)

16 views0 comments
bottom of page